ლოგიკური ცდომილებები ქართულ პოლიტიკურ
დისკურსში

ლოგიკური ცდომილება არის მსჯელობა, რომლის დასკვნა წინაპირობიდან არ გამომდინარეობს. მისი მიზანი აუდიტორიისა თუ ოპონენტის დარწმუნება ანდა მათი შეცდომაში შეყვანაა. მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკური ცდომილებები, უხეშად რომ ვთქვათ, “ყალბ არგუმენტებს” წარმოადგენს, სპიკერები მათ გვთავაზობენ, როგორც ადეკვატურ და ვალიდურ არგუმენტებს. რომელ ლოგიკურ ცდომილებებს ვხვდებით ქართულ პოლიტიკურ და სოციალურ დისკურში და როგორ გავლენას ახდენენ ისინი ქვეყნის პოლიტიკურ რეჟიმზე?



„ყველა გადასახადი უნდა გაუქმდეს, რადგან მოსახლეობის უმეტესობა გადასახადების გაუქმებას ეთანხმება“;

„პროსტიტუციის ლეგალიზაცია დაუშვებელია, რადგან ის ოჯახების ნგრევას გამოიწვევს, რაც ოჯახის ინსტიტუტს გაანადგურებს, ეს კი ცივილიზაციას გააქრობს“;

„ყველა, ვინც კაპიტალიზმს აკრიტიკებს, კომუნისტია“- ამ სამ მოსაზრებას, ერთი შეხედვით, საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში, სამივე მათგანი ყალბი არგუმენტია და ლოგიკურ (არაფორმალურ) ცდომილებას წარმოადგენს. ერთი გვარწმუნებს, რომ გარკვეული ქმედება სწორია, რადგან უმრავლესობა მას ეთანხმება (აპელირება ხალხის აზრზე/ Ad populum), მეორის მიხედვით, ერთი ნაბიჯი იწვევს მოვლენათა ჯაჭვს, რომელსაც მივყავართ კატასტროფულ შედეგამდე (დამრეცი ფერდობის არგუმენტი), ხოლო მესამე ორ რადიკალურ ალტერნატივას წარმოგვიდენს ისე, თითქოს არ არსებობდეს მესამე ალტერნატივა (მცდარი დილემა/მცდარი დიქოტომია).


ლოგიკური, არაფორმალური ცდომილება აღნიშნავს შეცდომას მსჯელობაში, რომლის დასკვნა არ გამომდინარეობს მისი წინაპირობიდან. მისი მიზანი არგუმენტებით მანიპულაცია, აუდიტორიის დარწმუნება და მისი შეცდომაში შეყვანაა. ლოგიკური ცდომილებების კლასიფიკაცია ჯერ კიდევ არისტოტელემ მოახდინა და დღევანდელი დისკუსია ლოგიკურ ცდომილებებზე დიდწილად სწორედ ამ კლასიფიკაციას ეყრდნობა.


ლოგიკური ცდომილებები პოლიტიკური დისკურსის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ პოლიტიკოსების რიტორიკა ხშირად სწორედ ლოგიკური ცდომილებების კლასიფიკაციის პერსპექტივისან განიხილება. პოლიტიკოსების მიერ ლოგიკური ცდომილებების გამოყენებას ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დისკუსია წაიყვანონ იმ მიმართულებით, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება მათს ინტერესებს. ამ ტექნიკას ასევე სტრატეგიულ მანევრირებად მოიხსენიებენ (van Eemeren, 1999).


საქართველოში, არც საჯარო სივრცეში და არც აკადემიურ წრეებში უშუალოდ ლოგიკურ ცდომილებებზე დისკურსია ან კვლევა არ არსებობს. თუმცა საკმაოდ პოლარიზებული ქართული პოლიტიკური გარემოსთვის სტრატეგიული მანევრირება და ლოგიკური ცდომილებების გამოყენება უცხო ნამდვილად არაა. განსაკუთრებით თვალშისაცემია, რომ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები ოპონენტების დემონიზებას ახდენენ, შესაბამისად, მიმართავენ ლოგიკურ დილემას "argumentum ad hominem". აქედან გამომდინარე, არგუმენტაციის დიდი ნაწილი ეფუძნება არა ლოგიკურ და იდეოლოგიზებულ მსჯელობას, არამედ პერსონალურ თავდასხმას იმის მიუხედავად, რომ სიტყვიერი თავდასხმა და ოპონენტის შეურაცხოფა არაფერს ამტკიცებს მის მიერ გამოთქმული აზრის სიმართლესა თუ მცდარობაზე.

ხშირად გამოყენებული ლოგიკური ცდომილებები
1. ცრუ მანევრი (Red Herring) - ოპონენტის თუ აუდიტორიის ყურადღება გადატანა დისკუსიის თემისგან განსხვავებულ საკითხზე კითხვებზე პასუხის თავიდან არიდების მიზნით. ცრუ მანევრის ყველაზე გავრცელებული ტიპია ად ჰომინემ (Ad hominem) - რომელიც გულისხმობს კონკრეტულ ორგანიზაციებსა თუ პიროვნებებზე თავდასხმასა და მათ დემონიზებას.

"თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა ნინო, რომელსაც საარჩევნო წარმატების რესურსი არ გაქვთ, ამიტომ ცდილობთ პროცესის რადიკალიზაციას. სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ, ნინო, ნუ ნერვიულობთ" ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება, პასუხი ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილის შეკითხვაზე
11 ოქტომბერი, 2019.



2. მცდარი დილემა/მცდარი დიქოტომია (false dilemma/false dichotomy)-ეს ტექნიკა ითვალისწინებს ორი რადიკალური ალტერნატივის წარმოდგენას და ერთ-ერთისთვის უპირატესობის მინიჭებას.

„რა არი ჩვენი მიზანი, ნატოში შესვლა თუ სოხუმში შესვლა?“
ადა მარშანია, პატრიოტთა ალიანსი,
24 სექტემბერი, 2018.

3. დამრეცი ფერდობის არგუმენტი (A slippery slope argument)-ეს არაფორმალური ცდომილება გამოიყენება მაშინ, როდესაც მოსაუბრეს სურს აუდიტორია დაარწმუნოს იმაში, რომ ერთი მოვლენა იწვევს სხვა, სრულიად განსხვავებულ მოვლენას, ან ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენების ჯაჭვს.

„მარიხუანას ლეგალიზებას მალე გაცილებით მძიმე ნარკოტიკების დაკანონება მოჰყვება. მერე დაკანონდება ერთნაირსქესიანთა ქორწინება“
გიგლა ბარამიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა,
1-ლი აგვისტო, 2018.


4. აპელირება ბუნებაზე (Appeal to nature) გულისხმობს, რომ ყველაფერი ის, რაც ბუნებრივია - მისაღებია, ხოლო რაც არა, - მიუღებელი და ამორალური.

„ეს, რომ ფაქტი ნორმალური არ არის და ანომალიაა ჩემთვის პირადად, ცოდვაა ეკლესიურად, ბუნებრივია, და მე ვთვლი, რომ ეს არის გადახრა. ეს არის ბუნების საწინააღმდეგოდ...“
ნუკრი ქანთარია, ქართული ოცნება,
5 მაისი 2014.


5 აპელირება ემოციაზე (Appeal to emotion) გულისხმობს არგუმენტის მოგებისა და აუდიტორიის დარწმუნების მიზნით მათს ემოციებზე მანიპულირებას. განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით ემოციაზე აპელირების ერთ-ერთ ტიპს -”აპელირება შიშზე” ან “შიშის ტაქტიკა.” ამ ტექნიკის გამოყენებით მოსაუბრე ცდილობს აუდიტორია დაარწმუნოს იმაში, რომ მისი პოლიტიკური ძალისთვის მხარის არდაჭერას და ოპონენტის ხელისუფლებაში მოსვლას აუცილებლად ნეგატიური შედეგები მოყვება.

“თუ ესენი დარჩნენ, საქართველო აღარ იარსებებს, ეს იქნება შეუქცევადი… 100 დღეში საქართველო ან გადარჩება და იქნება ქვეყანა, ან საქართველო აღარ იქნება. საქართველო იშლება, ბოლომდე ჩამოხმა და გაუბედურდა”
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი,
13 ივლისი, 2020.

6. მცდარი განზოგადება (faulty generalization)ნიშნავს ჯგუფის ზოგიერთი წევრის ქმედების ან თვისების მთლიან ჯგუფზე განზოგადებას.

„აზიური ქვეყნები, საიდანაც ძალიან დიდი რაოდენობით შემოდიან მოქალაქეები, ყიდულობენ მიწებს და აშენებენ სოფლებს, იქ მაღალი არის ტერორიზმის საფრთხე“
ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი,
15 ივნისი, 2017.

7. აპელირება ავტორიტეტზე (The Appeal to Authority) - ამ ტექნიკას მოსაუბრე იყენებს მაშინ, როცა საკუთარი მოსაზრების დამაჯერებლობისთვის თავის ან სხვის ავტორიტეტზე, მის სიმართლესა და უტყუარობაზე აკეთებს აქცენტს არგუმენტირებული მსჯელობის ნაცვლად.

“ გამოჩნდა ხალხი, ფსევდოლიბერალები, ვინც იძახის, რომ "სააკაშვილს გაუჩნდა ქსენოფობიური ნოტები". მე ამ ხალხს მინდა ვუთხრა - კარგად წაიკითხონ ჯონ მაკკეინის წიგნი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი მსოფლიო პოლიტიკოსი ჩემზე წერს, რომ "მიხეილ სააკაშვილის მთელი პოლიტიკა ეფუძნებოდა ლიბერალურ ფასეულობებს, მას უნდოდა და ის აკეთებდა საქართველოში ლიბერალურ რეფორმას". ამიტომ, ნურავინ ნუ დამადანაშაულებს იმაში, რომ მე არა მაქვს ლიბერალური მიდგომები"

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი,
10 სექტემბერი, 2018.

8. აპელირება მიღებულ პრაქტიკაზე (Appeal to common practice) / აპელირება ტრადიციაზე (appeal to tradition)- ეს ცდომილობები უპირისპირდება ნოვაციას, სიახლეს, და ამტკიცებს, რომ ყველაფერი რაც ტრადიციულია კარგია, ხოლო, რაც არა-მიუღებელი და ამორალური.

“კონსტიტუციაში ძალიან კარგად არის განსაზღვრული და მე მგონი, ამას გადახედვა არ სჭირდება. ნოვატორობა არ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ ქვეყანაში უმცირესობის უფლებები არის ძალიან კარგად დაცული".
მამუკა ხაზარაძე, “ლელო საქართველოსთვის”, უმცირესობებისთვის ქორწინების დაკანონებაზე და შვილად აყვანაზე,
7 ივნისი, 2020.






ლოგიკური ცდომილებები და პოპულიზმი



პოპულიზმის ცნებასთან დაკავშირებით აკადემიურ წრეებში კონსესუსი არ არსებობს, თუმცა ყველაზე პოპულარული დეფინიციით, პოპულიზმი არის იდეოლოგია, რომელიც ორი ანტაგონისტური ჯგუფის, ელიტისა და ხალხის დაპირისპირებას ეფუძნება. ერთი მხრივ, ხალხი წარმოდგენილია, როგორც "წმინდა", ხოლო ელიტა - როგორც "გარყვნილი" (Mudde, 2004). გამომდინარე იქიდან, რომ "ხალხს" პოპულიზმი ერთგვაროვნად წარმოაჩენს, იგი თავისი არსით უპირისპირდება პლურალიზმსა და აზრთა მრავალფეროვნებას საზოგადოებაში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, დავახასიათებთ თუ არა პოპულიზმს როგორც ანტი-ელიტისტურ მოძრაობას, ის აუცილებლად ანტი-პლურალისტურია. როგორც იან ვერნერ მიულერი წერს „რადგანაც დემოკრატია პლურალიზმს მოითხოვს, ცალკეული, ჰომოგენური და ავთენტური ხალხის იდეა ფანტაზიაა“ (2016, 3)

ის, რომ ლოგიკურ ცდომილებებსა და პოპულიზმს შორის, მჭიდრო კავშირია, რაოდენობრივი კვლევითაც დასტურდება (Blassnig, Ernst & Engesser, 2018). ბლასნიგის, ერნსტისა და ენგესერის კვლევის მიხედვით, რომელიც შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეტის პოპულისტური ძალების წინასაარჩევნო რიტკორიკას აანალიზებს, პოპულისტების რიტორიკის თითქმის მესამედში ლოგიკური ცდომილებებია გამოყენებული. ამავე კვლევის მიხედვით, პოპულისტები ყველაზე ხშირად იყენებენ ცდომილებებს Ad hominem - პიროვნული თავდასხმა და დემონიზება, და Ad populum - აპელირება ხალხის, უმრავლესობის აზრზე.
გამომდინარე პოპულიზმის არსიდან, თავისთავად ცხადია, რომ აქცენტი ხალხზე პოპულისტური დისკურსის ერთ-ერთი წამყვანი რიტორიკული იარაღია. აპელირება უმრავლესობაზე ხშირად გვხვდება ქართულ პოლიტიკურ დისკურსში. პოპულისტი ძალები ამტკიცებენ, რომ უმრავლესობა, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ხალხს, მოწყვლადი ხდება იმის ფონზე, რომ მას უმცირესობა თავს ახვევს საკუთარ შეხედულებებსა და წესებს. ეს ცდომილება განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებით.
გარდა ამისა, ულტრანაციონალისტი პოპულისტი ძალები, როგორებიცაა, "ქართული მარში" და "პატრიოტთა ალიანსი" მიმართავენ ლოგიკურ ცდომილებას აპელირება ემოციაზე, კერძოდ კი, აპელირება შიშზე, ანტიმიგრანტულ და ანტიდასავლურ გზავნილებში.

ცდომილებით გაკეთებული არჩევანი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ხშირად გვესმის ერთმანეთის მიმართ ისეთი ეპითეტები, როგორებიცაა "გოიმი ოპოზიციური სპექტრი", "პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი", "ხალხის მტრები"... ცხადია, ლოგიკური ცდომილებები პოლიტიკური დისკურსის განუყოფელია საქართველოში, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში მათი გამოყენება კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. დემონიზების ტექნიკასთან ერთად, წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით ხშირია ემოციაზე აპელირებისა და შიშის ტაქტიკის გამოყენება. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსის, გივი სილაგაძის თქმით, 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ლოგიკური ცდომილებები გამოიყენოს პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. ის აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებაში კრიტიკული დისკუსიის არსებობა და ელექტორატის მაქსიმალური ჩართულობა ამ დისკურსიაში, რასაც ლოგიკური ცდომილებები ხელს უშლის. 2018 წლის არჩევნებშიც, გარდა პიროვნული თავდასხმებისა, აქტიურად გამოიყენებოდა სწორედ შიშის ტაქტიკის ტექნიკა. მაგალითისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მათ წინაშე "რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები იდგნენ", ეს "განსაცდელი" მათ (ქართულმა ოცნებამ) დაუშვეს და რომ ოპონენტებს ყველაფრის დანგრევა სურდათ. ქართული ოცნების მთავარი გზავნილები ეფუძნებოდა პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის დაპირებას წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეწყალებასთან დაკავშირებით.
შესაძლოა ითქვას, რომ მესიჯბოქსები მნიშვნელოვნად არც 2020 წლი წინასაარჩევნო პერიოდში შეიცვალა. მაგალითისთვის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, ადამიანებს "ტყავს გააძრობდნენ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით". ამავე ტექნიკას იყენებენ ქართული ოცნების ოპონენტებიც. მაგალითისთვის, არჩევნებამდე 3 თვით ადრე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ ქართული ოცნება ხელისუფლებაში დარჩება, საქართველო აღარ იარსებებს. აღსანიშნავია, რომ არც თუ ისე იშვიათად პოლიტიკოსთა განცხადებებში რამდენიმე ლოგიკური ცდომილება ერთდროულად გვხვდება. ასეთ შემთხვევებში, ხშირად სამი ლოგიკური ცდომილება - აპელირება შიშზე, დემონიზება და მცდარი დილემა გვხვდება კომბინაციაში.



ლოგიკური ცდომილებების გავლენა დემოკრატიაზე
მაშინ, როდესაც პოლიტიკურ დისკურსში ლოგიკური ცდომილებები დომინერებს, არგუმენტირებული მსჯელობისთვის სივრცე არ რჩება. სივრცე არ რჩება არც კრიტიკული დისკურსისთვის, რომელიც გულისხმობს, რომ საზოგადოების სხვადასხვა აქტორები საზოგადოებრივი და პოლიტიკური საკითხების შესახებ
რაციონალურ მსჯელობაში ჩართული არიან. მეტიც, მათი შეხედულებების აკუმულირება რეალურ სამთავრობო პოლიტიკაში უნდა ხდებოდეს. კრიტიკული დისკურსი, თავის მხრივ, დელიბერატიული დემოკრატიის (deliberative democracy) უმთავარი წინაპირობაა. დემოკრატიისთვის კრიტიკულ დისკურსში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ როგორც ლოგიკური ცდომილებების შესახებ რაოდენობრივი კვლევის ავტორები, ბლასნიგი, ერნსტი და ერგესერი, ასევე ჩვენი რესპოდენტი, ანალიტიკოსი გივი სილაგაძე, და აღნიშნავენ, რომ ლოგიკური ცდომილებების ფართოდ გამოყენებას დემოკრატიისთვის საზიანოა.

ამ მხრივ, აუცილებელია დავაზუსტოთ ის, თუ რას ვგულისხმობთ დემოკრატიაში. თუ ვთანხმდებით, რომ დემოკრატიის მნიშვნელობა გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ თუნდაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, და რომ ლიბერალური და კონსტიტუციური დემოკრატია გულისხმობს როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობების ინტერესების გათვალისწინებას, ხოლო დელიბერატიული დემოკრატია, მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას საჯარო დისკუსიებში, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ ისეთი ლოგიკური ცდომილებები, როგორებიცაა აპელირება ხალხზე, ოპონენტის დემონიზება, ცრუ დილემა თუ ცრუ განზოგადება პლურალიზმსა და უმცირესობების ინტერესების დაცვას ეწინააღმდეგება.

მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ლოგიკური ცდომილებები მუდმივად იქნება პოლიტიკური დისკურსის ნაწილი ნებისმიერ საზოგადოებაში, მაგრამ ამგვარი ტექნიკების გამოყენების ინტენსივობა პოლიტიკური კულტურის გაზრდასთან ერთად დაიკლებს. ამისთვის კი პირველ რიგში, აუცილებელია ამომრჩევლის მიერ ყალბი არგუმენტების იდენტიფიცირება და მათზე კრიტიკულად რეაგირება.

გამოყენებული ლიტერატურა

Blassnig, S., Büchel, F., Ernst, N., & Engesser, S. 2019. "Populism and Informal Fallacies: An analysis of Right-Wing Populist Rhetoric in Election Campaigns". Argumentation, 33: 107–136 https://doi.org/10.1007/s10503-018-9461-2

Hansen, H., "Fallacies", The Stanford Encyclopedia of Philosophy (Spring 2020 Edition) Edward N. Zalta (ed.) URL <https://plato.stanford.edu/entries/fallacies/>

Mudde, C. 2004. “The populist Zeitgeist”. Government and Opposition. 39(3). 541-63 https://doi.org/10.1111/j.1477-7053.2004.00135.x

Müller, Jan-Werner. What is Populism? Philadelphia: University of Pennsylvania Press, 2016.

Robin, S., "Aristotle's Logic", The Stanford Encyclopedia of Philosophy (Winter 2017 Edition) Edward N. Zalta (ed.), URL <https://plato.stanford.edu/entries/aristotle-logic/>

Van Eemeren, F.H., & Houtlosser, P. 1999. "Strategic Maneuvering in Argumentative Discourse." Discourse Studies, 1, no 4: 479-497 doi:10.1177/1461445699001004005





.



ავტორი
თეონა სეხნიაშვილი
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website